პრემიერის მათემატიკა - რა ჯდება ღარიბაშვილის შვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა?
რა ჯდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა.
ცნობილია, რომ პრემიერის ვაჟი ფილადელფიაში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის.
აღსანიშნავია, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ერთი აკადემიური წლის ღირებულება ჯამში 60 ათას დოლარს აჭარბებს.
„შაბათის ეთერი“ დაინტერესდა, როგორ გადაიხდის ღარიბაშვილი კოლოსალურ თანხას, როცა პრემიერის მტკიცებით, მისი ხელფასი წელიწადში 42 ათასი ლარია.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტი კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსაშვილის ქუჩაზე, პრემიერის სახლთან მივიდა, თუმცა "შაბათის ეთერის" გამოჩენისთანავე ადგილზე განგაში ცხადდება.
საპატრულო პოლიცია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ირაკლი ღარიბაშვილის შენობიდან გამოსვლის მარშრუტსაც კი ცვლიან, რომ ჟურნალისტები მთავრობის მეთაურთან ახლოსაც ვერ მივიდნენ. არადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, „შაბათის ეთერს“ ერთი მარტივი კითხვა აქვს - როგორ აპირებს ის, საკუთარი ოჯახი გაბანკროტებისგან დაიცვას?!
პრემიერი განმარტებებს არ აკეთებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები კი ღარიბაშვილის დაცვით არიან დაკავებულები.
ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციის თანახმად, მისი ხელფასი წელიწადში 42 ათასი ლარია. ამ ფულით, უმუშევარ ცოლს და 4 შვილს არჩენს. რომ არა ყოველ წელს, პენსიონერი მშობლების ნაჩუქარი 150 ათასი ლარი, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, ბიძინა იავნიშვილის ბანკიდან გამოტანილ, გადაუხდელ კრედიტებში ჩაიძირებოდა.
დეტალები იხილეთ, მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში.