არავის ვაინტერესებთ - გახელაძის ოჯახი პრეზიდენტთან შეხვედრას ზედაპირულს უწოდებს
"მშრალი და ზედაპირული საუბარი"- ასე აფასებენ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას.
მათი თქმით, ქვეყნის მთავარსარდალს აუდიენციისას კონკრეტული გეგმები არ დაუსახელებია. ზურაბიშვილმა 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცის დედას უთხრა, რომ "მისი უფლება-მოსილება შეზღუდულია".
გახელაძეებმა პრეზიდენტის სასახლე ერთადერთი დაპირებით დატოვეს, რომ "პრეზიდენტი საკითხს საერთაშორისო არენაზე გაააქტიურებს".
დაგვპირდა, რომ უფრო გავააქტიურებ ამ საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციებთანო. იცით, რომ მე დიდი უფლებები არ მაქვსო"- თქვა ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური.
მისი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილსაც შეხვდებიან. გახელაძეები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
ჩინოვნიკები მარტო იმისთვის მუშაობენ, რომ თვითონ არაფერი მოაკლდნენ და ჩემნაირი გაჭირვებული ადამიანები არავის აინტერესებს"- ამბობს გახელაძის დედა.
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებენ. მათი თქმით, ხელისუფლების უმოქმედობას მაგისტრალის გადაკეტვით გააპროტესტებენ.
33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ გახელაძე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) გაასამართლა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.