EU-ს რეკომენდაციები ზედმიწევნით ეფექტიანად შევასრულეთ - ღარიბაშვილი

26.12.22 12:22
 EU-ს რეკომენდაციები ზედმიწევნით ეფექტიანად შევასრულეთ - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ქვეყანამ ზედმიწევნით ეფექტიანად შეასრულა. ამის შესახებ მან "ელჩების კონფერენცია 2022"-ზე განაცხადა.

მას შემდეგ, რაც განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, იმავე დღეს მმართველმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს.

ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები. პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში არ იყვნენ სრულყოფილად ჩართულნი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა ბოლოს გარკვეულმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა.

მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, ეს იყო მართლაც შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კანონპროექტები ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპტირებას,  – თქვა ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე.

პრემიერი დღეს ასევე ამტკიცებდა, რომ ევროკომისიამ საქართელოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო რეფორმების თავლსაზრისით უკრაინას და მოლდოვას 2-3-ჯერ უსწრებს. 

წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. დამეთანხმებით, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, სამწუხაროდ, კარგად გვესმის ყველას, რომ არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ მინდა, ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ გაცილებით, ორჯერ, სამჯერ მეტად წინ ვართ და ვიყავით რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ გასაგებია, გვესმის არგად, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ომში იმყოფება, ასევე მოლდოვა ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს. ასე რომ, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია, თუმცა ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მოლდოვასა და უკრაინას. გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა", – თქვა ღარიბაშვილმა.