პრეზიდენტი ბუტია ბავშვი ხომ არაა, სააკაშვილ-გვარამიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აქვს მისაღები - მანჯგალაძე

26.12.22 14:19
პრეზიდენტი ბუტია ბავშვი ხომ არაა, სააკაშვილ-გვარამიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აქვს მისაღები - მანჯგალაძე

თუ სალომე ზურაბიშვილს აქვს პრეტენზია, ქვეყნისთვის რამე გააკეთოს, მაშინ გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას და სააკაშვილი-გვარამია შეიწყალოს - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის განმარტებით, ხელისუფლება არაფერს დათმობს, რადგან მისთვის კომპრომისზე წასვლა სისუსტედ აღიქმება.

თუ სალომე ზურაბიშვილს აქვს პრეტენზია, ისტორიაში ქვეყნისთვის რამე გააკეთოს, გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას. მას აქვს ბერკეტები, სააკაშვილი და გვარამია შეიწყალოს, რაც იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვიცი, რომ გაბრაზებულია, ნაწყენია, მაგრამ პრეზიდენტია და ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არ არის? – პრეზიდენტია და გადაწყვეტილება აქვს მისაღები....

ეს არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც სულს ღაფავს და მის წარმოდგენაში ნებისმიერი კომპრომისი აღქმულია, როგორც სისუსტე. ამიტომ არაფერს გააკეთებს, რაც სჭირდება საქართველოს და საზოგადოებას.

ბოლომდე შემოგვასკდებიან, რომ სკამები არ გამოეცალოთ. მესიჯბოქსი, რომ თუ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანენ, ამას პროტესტი მოჰყვება, მგონი, საოცარი მასშტაბის კაგებეშნიკური ვირეშმაკობაა. 

როგორ შეიძლება, საღად მოაზროვნე ადამიანებში ადამიანის გადარჩენამ პროტესტი გამოიწვიოს, ვინაიდან, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სააკაშვილი დარიშხანით არის მოწამლული, რომელიც ყოველ დღე იწვევს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას. 

ადამიანმა 40 კილოზე მეტი დაიკლო და უფრო და უფრო პროგრესირებს ეს ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ  – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.