,,ოცნებას" ადამიანების შიმშილობა არ აცრემლიანებს - კოლეგები წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

26.12.22 15:29
,,ოცნებას" ადამიანების შიმშილობა არ აცრემლიანებს - კოლეგები წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

მთავარია, ანი წითლიძემ გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს საკუთარ ჯანმრთელობას - ოპოზიციონერი კოლეგები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს მოუწოდებენ, შეწყვიტოს შიმშილობა და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვა სხვა მეთოდებით სცადოს.

არა მგონია, თუნდაც 10 ადამიანის შიმშილობა პოლიტიკურად აცრემლებდეს ,,ქართულ ოცნებას". ამიტომ მიმაჩნია, რომ ანამ თავისი სათქმელი თქვა პროტესტის უკიდურესი ფორმით და ახლა მთავარია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს გადარჩენილი და მან გააგრძელოს ბრძოლა, როგორც დეპუტატმა",  - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ანი წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს გახარიას გუნდიც. პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი, აცხადებს, რომ მთავარია, მისმა კოლეგამ ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანი არ მიიყენოს.

მისი გამოხატვის თავისუფლებაა და ამ თავისუფლებაში იყენებს უკიდურეს ფორმებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, ანი წითლიძემ ჯანმრთელობა არ დაიზიანოს. მით უმეტეს, ისეთი ზიანი არ მიიყენოს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი იქნება - თქვა მიხეილ დაუშვილმა.

ანი წითლიძის ჯანმრთელობა კრიტიკულია.  გამოვლინდა ინტოქსიკაციის ნიშნები. შიმშილობის მე-12 დღეს დეპუტატს თავბრუსხვევა, გულისრევა და სისუსტე აღენიშნება. დაიწყო დეკომპენსაციის პერიოდი, ანუ ორგანიზმი შიმშილობას ვეღარ ასტაბილურებს.