"კალაძე თეთრი და ფუმფულა ვერ დარჩება" - თბილისის მერს საკრებულოში ელოდებიან
კახი კალაძეს საკრებულში ელოდებიან. თბილისის მერი, რომელიც ოპოზიციის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად საკრებულოში არ მივიდა, ახლა იძულებულია, დეპუტატების მწვავე კითხვებს უპასუხოს.
ოპოზიციას ბევრი კითხვა აქვს, მათ შორის, რატომ გახსნა დაუსრულებელი შადრევანი მერიამ და გამოწვია თუ არა ვაკის პარკის ტრაგედია მერიის მაღალჩინოსნების გულგრილობამ?
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლილი ლიპარტელიანი, ამბობს, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებაზე ბასილაია და თბილისის მერი დღემდე არ გრძნობენ პასუხისგებლობას.
უამრავი კითხვა იქნება მარიტას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და შადრევანი, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ. თითქოს ჩაიარა მარიტას ამბავმა ისე, რომ ჯერ-ჯერობით მერიის თანამდებობის პირების მიმართ არ ყოფილა პასუხისმგებლობა, არც ბასილაია და არც მერი არ გრძნობენ არც პოლიტიკურ და არც სამართლებრივ პასუხისგებლობას“, - ამბობს ლილი ლიპარტელიანი.
"ლელოს" წევრი ვატო სურგულაძე კი ამბობს, რომ კახა კალაძეს სურს თეთრი და ფუმფულა მენეჯერად დარჩეს, შადრევნის ტრაგედიას კი სხვას გადააბრალოს.
"70 დღეზე მეტი გავიდა. როცა ყველა დოკუმენტი და მოწმეები არსებობენ, რა გახდა ის, რომ ამ საქმეს თავი ვერ დაადგეს. ჩემი აზრით, დროის გაწელვის სტრატეგიას მიმართეს, რომ ხალხს გადაავიწყდეს, შემდეგ იპოვონ მეისრე და ყველაფერი იმას გადააბრალონ, კახი კალაძე კი დარჩეს თეთრი და ფუმფულა და კარგი მენეჯერი, თუმცა, როგორც მენეჯერი არაფრად არ ვარგა", - ამბობს ვატო სურგულაძე.
კალაძეს საკრებულში ზუსტად 24 საათში ელოდებიან.