ყველაფერი მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა - ირაკლი ღარიბაშვილი

27.12.22 14:11
ყველაფერი მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის არმინიჭება, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. 

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიეროს ანგარიშის წარდგენისას, წლის მთავარ მოვლენად საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება დაასახელა. 

წლის მთავარ მოვლენა, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე ძალიან რთული წარმოსადგენი იყო. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი"- აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით, საქართველო სტატუსს ძალიან მალე მიიღებს. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 12 რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულა.

მეტიც, ღარიბაშვილის მტკიცებით, ევროინტეგრაციის გზაზე ბოლო 10 წელიწადში რაც იქნა მიღწეული, ეს არის ქართული ოცნების დამსახურება.

გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა პარლამენტის მიერ, მთავრობისა და ჩვენი, ყველას ჩართულობით. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროიტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო ათ წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ, იქნებოდა ეს ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები