ის, რომ კონგრესში საქართველოს დახმარების საკითხს განიხილავენ, უკვე ტრაგიკულია - ჰამილტონი

27.12.22 23:01
ის, რომ კონგრესში საქართველოს დახმარების საკითხს განიხილავენ, უკვე ტრაგიკულია - ჰამილტონი

"ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება ქვეყნისთვის" - ამის შესახებ  შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკმა, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარმა, ომის კოლეჯის პროფესორმა რობერტ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე "საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რეკომენდაციების შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. კონგრესში ცოტა ხნის წინ საქართველოში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობდნენ, რასაც ერთ-ერთ საჯარო პოსტში ეთანხმებოდით. რას ფიქრობთ ამ პროცესზე ან ამერიკის დახმარების საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირების აუცილებლობაზე? რას ნიშნავს ეს?"

ჰამილონმა თქვა: “ვფიქრობ, რომ თავად ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირების საკითხს, - თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს დისკუსიები ხდება, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის.

ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს ნატოსთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება საქართველოსთვის“,- დასძინა ჰამილტონმა.

ამასთან, ჰამილტონის თქმით, ნარატივი, რომ ნატოს და დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ, უბრალოდ სიყალბეა, რაც მათაც იციან, რომლებიც ამას ამბობენ და აღნიშნულს სწორედ იმ პოზიციის გასამართლებლად აკეთებენ, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს.

მსგავსი სიახლეები