გაფლანგულია ასობით ათასი ლარი - მთის კურორტების განვითარების კომპანია სკანდალში ეხვევა

30.04.21 19:05
გაფლანგულია ასობით ათასი ლარი - მთის კურორტების განვითარების კომპანია სკანდალში ეხვევა

მთის კურორტების განვითარების სააგენტოში გაფლანგულია ასობით ათასი ლარი - სახელმწიფო აუდიტმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირ წერს, რომ 133 ათასი ლარის ღირებულების VIP აბონიმენტები კომპანიამ უფასოდ თანამშრომლებს და ნათესავებს დაურიგა. 

მთის კურორტების კომპანიამ 122 ათასი ლარის ხელშეკრულება წინასწარი კვლევის გარეშე გააფორმა. არის შემთხვევები, როცა ჩაბარებული სამშენებლო სამუშაოები, რეალურად გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა ისიც, რომ შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა ანაზღაურება საკუთარი ბრძანებით გაიზარდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, შედეგად, 2 წლის განმავლობაში მან ანაზღაურების სახით დამატებით 109 021 ლარი უსაფუძვლოდ მიიღო.

აუდიტმა  საწვავის ხარჯვის და ლიმიტების ბრძანებების ნაკლოვანებებიც გამოავლინა: 

"დიზელის რეზერვუარებში საწვავის მიღებისა და საწვავის ბარათებიდან ხარჯვაზე არასათანადო კონტროლის მექანიზმების გამო, კომპანიაში განხორციელდა საწვავის დაუსაბუთებელი და არამიზნობრივი ხარჯვა. კომპანიაში საწვავის ლიმიტების დადგენის შესახებ დირექტორის ბრძანებები შედგენილი იყო არასრულად და ხარვეზებით. ცალკეულ შემთხვევაში ლიმიტები განსაზღვრული იყო კომპანიის რეალურ საჭიროებებზე ნაკლები ოდენობით. ასევე, კომპანიაში დანერგილი კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, საწვავის დადგენილი ლიმიტის გარეშე ხარჯვა არ არის დასაბუთებული და იძლევა არამიზნობრივად გამოყენების საშუალებას.

კომპანიაში არ რეგულირდებოდა რეზერვუარებიდან საწვავის გაცემის მიზნობრიობა. ასევე, რეზერვუარებზე პასუხისმგებილი პირის დანიშვნის ბრძანებებში 2019 წლის 23 ივლისამდე არ იყო გაწერილი რეზერვუარიდან საწვავის გაცემის აღრიცხვის წესი. აღნიშნული მარეგულირებელი აქტების არარსებობამ და კონტროლის მექანიზმების სისუსტემ გამოიწვია დიზელის რეზერვუარიდან საწვავის გაცემის არასრული აღრიცხვა და დაუსაბუთებელი ხარჯვა“, - ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები