რუსეთის პასუხი ევროკავშირს: კრემლი ევროპარლამენტის პრეზიდენტს სანქციებს უწესებს
რუსეთმა ევროპელ მაღალჩინოსნებს შეზღუდვები დაუწესა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "შავ სიაში" 8 პირი შეიყვანა. მათ შორისაა ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი და ბერლინის გენერალური პროკურორი, იორგ რაუპახი.
სანქცირებულ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება აეკრძალებათ. რუსეთი ამ ნოტით ევროკავშირის მიერ, 2 და 22 მარტს, ექვსი რუსეთის მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებს პასუხობს:
ევროკავშირის ქმედებები ცხადყოფს, რომ მათი რეალური მიზანი ჩვენი ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ფასად შეფერხება, მათი დანახული მშვიდობის კონცეფციის ჩვენთვის თავს მოხვევა და რუსული შიდა თუ გარე პოლიტიკის დამოუკიდებლობაში ჩარევა და ქაოსის გამოწვევაა" – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო სამინისტრო ირწმუნება ევროკავშირის ქმედებები შეთანხმებული და სტიმულირებულია შეერთებული შტატების მიერ.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ალექსეი ნავალნის დევნაში არიან მხილებულები. მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობა აეკრძალათ.