ივანიშვილის დეპუტატები NGO-ების "უცხოური აგენტების" სიაში შესაყვანად კანონპროექტს ქმნიან
"ხალხის ძალა" NGO-ების წინააღმდეგ - "ოცნებიდან" გასული დეპუტატების თქმით, კანონპროექტზე მუშაობენ, რომელის ამოქმედების შემდეგ, "უცხოური აგენტების" რეესტრში შესვლა მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ.
კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით იანვარში წარედგინება.
"კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში ასევე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი NGO-სთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად.
შემოღებული იქნება უცხოური გავლენის აგენტის ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ივანიშვილის დეპუტატების თქმით, კანონპროექტი ასევე მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის მიზნითაც მზადდება:
"ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას. დღეს მთელი რიგი მედიასაშუალებები და NGO-ები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან როლს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარების აუცილებელი პირობაა", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.