გორში ჩინოვნიკებს ანაზღაურება გაეზარდათ - ხმაური საკრებულოს სხდომაზე

30.12.22 17:11
გორში ჩინოვნიკებს ანაზღაურება გაეზარდათ - ხმაური საკრებულოს სხდომაზე

საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ახალი 2023 წლიდან გორის მერის ხელფასი 6 ათას ლარს გასცდება - გორში წინასაახალწლოდ პროდუქტების ფასების გარდა მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკების ხელფასებიც  გაიზარდა. ანაზღაურება 10%-ით მოემატათ რიგით საჯარო მოხელეებსაც. 

გაღატაკებული მოსახლეობის ფონზე ჩინოვნიკების ხელფასის მატება ოპოზიციამ უსამართლოდ მიიჩნია, ამიტომაც დღევანდელი საკრებულოს სხდომა გორში ხმაურიანი აღმოჩნდა.

საკრებულოს ოპოზიციამ ჩინოვნიკების ხელფასის 10%-იან მატებას მხარი არ დაუჭირა.  ენმ-ს წევრის, ანი ბალიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდა გაუმართლებელია. 

გორის მუნიციპალიტეტმა მოსახლოებას ახალი წელი იმით მიულოცა და განსაკუთრებით გაჭირვებულებს, რომ თანამდებობის პირებმა გაიზარდეს ხელფასები, ეს იმ ფონზე, როცა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება ქვეყანაში და მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს – განაცხდა ანი ბალიაშვილმა. 

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, კი სხდომაზე განაცხადა, რომ ხელფასის მატება სამართლიანია, რადგან ბევრი თანამდებობის პირი იმაზე მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ეს დავალებული აქვს.

 ყველა სოციალურად დაუცველის თანხა გაზრდილია, ასევე გაზრდილია საპენსიო თანხები. რა დააშავა საჯარო მოხელემ? არ უნდა დაიჩაგროს და ვინც თავის საქმეს პირნათლად ასრულებს, იმან გაზრდილი ხელფასიც უნდა აიღოს.

ხაზზს გავუსვამ, რომ დისკრიმინაციად მიმაჩნია, რომ თანამდებობის პირები პრემიებს არ იღებენ – განაცხადა დავით რაზმაძემ.