მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას - მაიკლ მაკფოლი
"მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას" - ამის შესახებ The Washington Post-თან უკრაინის სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მაიკლ მაკფოლმა ისაუბრა.
აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში პირდაპირ ამბობს, რომ საჭიროა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მოკავშირეების მიერ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნის წამოყენება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იტანჯება - ზოგიერთი ცნობით, სიკვდილს უახლოვდება. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ეს არ უნდა დაუშვან. ახლა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის მსოფლიო კამპანიის დროა - სწორედ საკუთარ სამშობლოში წარსულში დემოკრატიის მიზნის სამსახურისთვის"- ამბობს მაკფოლი.
მისი თქმით, ბაიდენმა ზურაბიშვილს უნდა მოუწოდოს სააკაშვილის შეწყალებისკენ:
პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის დანარჩენ დემოკრატ ლიდერებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა წამოაყენოს სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა. ბაიდენმა და სხვებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე შეიწყალოს და საზღვარგარეთ მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ნება დართოს - ზომა, რომელიც უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც გამოაცხადა.
სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე. ეს ზელენსკიზე უკეთ არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებით "მოწყალების გამოჩენისკენ" მოუწოდა"- აღნიშნავს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი.
გარდა ამისა მაკფოლი ვრცელ წერილში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოფიტული და დეზორიენტირებულია.
ამერიკელი დიპლომატს ამის დასტურად სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნა და კლინიკიდან გავრცელებული ფოტოები მოჰყავს:
მისმა იურიდიულმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ის შესაძლოა მოწამლული იყოს. ბოლო სურათებმა კლინიკიდან, სადაც ახლა ის იმყოფება, აჩვენა, რომ ის გამოფიტული და დაბნეულია"- წერია სტატიაში.
მაიკლ მაკფოლი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც საუბრობს, რომელშიც სააკაშვილი პოლიტპატიმარად არის აღიარებული და მისი გათავისუფლებაა მოთხოვნილი.
გარდა ამისა, მაკფოლი წერს, რომ თავის დროზე ჯო ბაიდენი, როგორც ვიცეპრეზიდენტი, ქართველი ლიდერით აღფრთოვანებული იყო.
(მათი ურთიერთობის მომსწრე გავხდი, როცა ბაიდენს 2009 წელს საქართველოში მგზავრობაზე მივყვებოდი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი.). პატივისცემა გულწრფელი იყო. სააკაშვილი უნაკლო არ იყო. მან შეცდომები დაუშვა. მაგრამ მისი, როგორც ქართული დემოკრატიის მამის მიღწევები ისტორიული იყო.
თუმცა, იყო ერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც სააკაშვილი სძულდა. წარმატებული ქართული დემოკრატია სამხრეთ ფლანგზე იყო ანათემა იმ ყველაფრისთვის, რასაც პუტინი წარმოადგენდა და ის მიზანდასახული იყო, აღეკვეთა საქართველოს დასავლეთში მიღების სააკაშვილის მონდომება. რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით არ მოეწონა მისი განცხადებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პუტინს საქართველოსა და უკრაინის ფერადი რევოლუციების სწორედ იმიტომ ეშინოდა, რომ ისინი რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდნენ. 2008 წლის აგვისტოში პუტინმა საკუთარი განზრახვები საქართველოში შეჭრით გამოააშკარავა. ამას მოჰყვა ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, ბრიუსელში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე საუბრის გაყინვა"- წერს დიპლომატი.
უკრაინის სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას და ზელენსკის ქმედებას ერთმანეთს ადარებს.
როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ, თბილისისკენ მიემართებოდნენ, ზოგიერთი სააკაშვილს სთხოვდა, რომ გაქცეულიყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როგორც გასულ წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში, დარჩენა გადაწყვიტა. პუტინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, არ ეცადა სააკაშვილის დაკავება, მოკვლა ან საქართველოში მთავრობის სამხედრო ძალით გადაგდება, მაგრამ რუსეთის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტისთვის ძირის გამოთხრაზე ორიენტირებული დარჩა. (დღესაც, რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის ⅕ ოკუპირებული აქვს)"- აღნიშნულია წერილში.
გავლენიანი ამერიკელი დიპლომატი წერს იმასაც, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ზელენსკის მაგალითს უნდა მიბაძონ.
თავისუფალი სამყარო გაერთიანდა უკრაინაში დემოკრატიის დასცავად, იგივე უნდა გააკეთოს საქართველოშიც და მოითხოვოს სააკაშვილის გათავისუფლება"- აღნიშნავს ის.