პოლიციას რუსები უნდა დაეჭირა და ქართველ ტყვეებში გაეცვალა- ქაცარავა ოკუპანტების პროვოკაციაზე
რუსი ოკუპანტების სააღდგომო პროვოკაცია ხურვალეთში - ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, პოლიციელების უმოქმედობაზე საუბრობს.
როგორც მან "ტვ პირველს" განუცხადა, გომელაურის უწყებას საქარველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული ოკუპანტები უნდა დაეკავებინა და ქართველ ტყვეებში გაეცვალა.
სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული 4 ადამიანი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და პროვოკაცია მოაწყო. ჰქონდათ ძალიან ხმამაღალი საუბარი პოლიციასთან. პოლიციამ ისინი არ დააკავა და უკან გააბრუნა. ეს ფაქტი 3-ჯერ, თუ 4-ჯერ განმეორდა. მომხდარი დიდი ალბათობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების პროვოკაციის გეგმის ნაწილი იყო.
უნდა დაეკავებინათ ეს ადამიანები, ვინაიდან აქ არსებობს ოკუპაციის ხაზი, რომლის გადაკვეთა როგორც ჩვენ მოქალაქეებს ეკრძალებათ, ასევე მეორე მხრიდან, მითუმეტეს, როცა ჩვენი სამი მოქალაქე იმყოფება ცხინვალის ციხეში"- ამბობს ქაცარავა.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ცხრა სამხედრო ხურვალეთში გუშინ გადმოვიდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსები ხმამაღლა ყვიროდნენ და იგინებოდნენ. ადგილზე იყო ქართული პოლიციაც, თუმცა არცერთი რუსი ჯარისკაცი გომელაურის უწყების თანამშრომლებს არ დაუკავებიათ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ ინციდენტში ჩართული არა ოკუპანტები, სამოქალაქო პირები იყვნენ.
ლილუაშვილის უწყების მტკიცებით, ინციდენტში მონაწილე პირებს საოკუპაციო ხაზი არ გადმოუკვეთავთ.