პოლიტიკური შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია ხვალიდან პარლამენტის მუშაობაში ჩაერთვება

03.05.21 11:22
პოლიტიკური შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია ხვალიდან პარლამენტის მუშაობაში ჩაერთვება

პოლიტიკური შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია ხვალიდან პარლამენტის მუშაობაში ჩაერთვება. მთავარი საკითხი, რომელზეც დეპუტატები მუშაობას დაიწყებენ, 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა. კომისიამ  უნდა უპასუხოს შეკითხვას, ვინ გასცა მშვიდობიანი აქციის დარბევის ბრძანება და ვინ არიან ,,გავრილოვის სისხლიან ღამეზე" პასუხისმგებელი პირები. 

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. ცნობილია, რომ მმართველი გუნდი კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, ამიტომ კანონპროექტის მისაღებად „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა იქნება საჭირო. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც შეთანხმების აქტს დამოუკიდებლად მოაწერა ხელი, მიაჩნია, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნამდე მართებული იქნებოდა ამნისტიის კანონის შეჩერება.

თუ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მოხდება შეთანხმება, მაშინ მე მიმაჩნია, რომ უპრიანი იქნებოდა, ამნისტიის კანონი შეჩერებულოიყო, სანამ საგამოძიებო კომისია მუშაობს და შესაბამისად, უკვე საგამოძიებო კომისიის მიერ დადებული შედეგები გახდეს ამნისტიის კანონპროექტის საფუძველი. ვის და რას შეეხება ამნისტიის კანონი, განისაზღვროს სწორედ საგამოძიებო კომისიის მიერ დადებული შედეგების საფუძველზე, - ამბობს სამადაშვილი.

20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები საგამოძიებო კომისიის შექმნას დაგვიანებულად მიიჩნევენ. მათი განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანონპროექტი უკვე დააინიცირა და მაშინ დაამტკიცებს მას, როცა  თავად ჩათვლის საჭიროდ. დაზარალებულები ამბობენ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტს ნაჩქარევად მოაწერა ხელი და ახლა მორალური სახის შენარჩუნების ცდილობს.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონია დარეგისტრირებულია: ერთი „ქართული ოცნების“, ხოლო მეორე პოლიტიკური შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიციის.