წულუკიანის პოლიტიკური რეპრესიების ახალი მსხვერპლი - რუსუდან თევზაძემ თეატრალური უნივერსიტეტი დატოვა
თეა წულუკიანს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ. კულტურის მინისტრის რეპრესიების ახალი მსხვერპლი რუსუდან თევზაძეა, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში არჩევით თანამდებობაზე დანიშნული პირი.
რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ კულტურის მინისტრმა მხოლოდ იმის გამო გაუშვა სახლში, რომ გახარიას პარტიის მხარდამჭერია. მისი ინფორმაციით, თეატრალურის რექტორს წულუკიანი დაემუქრა, თუ სამსახურიდან მისთვის პოლიტიკურად მიუღებელ პირს არ გაუშვებდა, მაშინ უნივერსიტეტი დაფინანსების გარეშე დარჩებოდა. წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
ქალბატონი წულუკიანის სურვილი იყო, მას უბრალოდ ასე მოუნდა, რომ უნივერსიტეტში, ავტონომიურ უწყებაში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევით პოზიციაზე აღარ უნდა იმუშავოს რუსუდან თევზაძემ, არ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.
წულუკიანმა დაიწყო ვაჭრობა ბიუჯეტით, მძევლად აიყვანა უნივერსიტეტი, მისი თანამშრომლები და რაც ყველაზე მტკივნეულია, ახალგაზრდა თაობა.
წულუკიანმა თქვა, თუ თევზაძე წავა, უნივერსიტეტს გაეზრდება დაფინანსება, ხოლო თუ დარჩება თევზაძე, დაწესებულებას ბიუჯეტი არ გაეზრდება.
ჩემდა სამწუხაროდ, მივიღე გადაწყვეტილება, თანამდებობა დამეტოვებინა, ვინაიდან ვარჩიე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სტუდენტებისა და კოლეგების ბედი.
ჩემთან დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი არსებობს, ეს მიზეზია, რომ მე გახლავართ პარტია ,,საქართველოსთვის" წევრი.
ამაზე პასუხი ჩემგან იქნება, რომ გავაგრძელებ ბრძოლას ჩემს გუნდთან ერთად იმისთვის, რომ ასეთი გარემოებები აღარ დადგეს. - აცხადებს რუსუდან თევზაძე.