სააკაშვილის სიაში ის პირები მოხვდებიან, ვინც მის მიმართ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა და ასრულებდა - ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის სია - ამ საკითხზე სამსჯელოდ მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს, შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე იმ ადამიანების შესახებ გაიმართება მსჯელობა, ვინც მსჯავრდებულ პაციენტს, მიხეილ სააკაშვილს, არასათანადოდ მოექცა და არასწორად უმკურნალა, აწამა და ღირსება შეულახა.
შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ყველა იმ პირს, ვინც მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს არასათანადოდ მოექცა, საერთაშორისო სანქცირების სიაში მოხვედრა ემუქრება.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ მოხვდება ე.წ. ,,სააკაშვილის სიაში," თუმცა, ,,პირველებმა" გაარკვია, რომ იქ მოხვდებიან პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები.
მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ შევხვედროდი იურისტების ჯგუფს, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება, რომელ პირებზე მზადდება.
ჩემი მხრიდან თუ საჭირო იქნება მტკიცებულებები, გადავცემ ამ ჯგუფს იმ საქმიდან, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ.
ამ ჯგუფის მუშაობაში აქტიურად უნდა ჩავერთო.
მიხეილ სააკაშვილის სურვილია, ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, ვინც მის მიმართ უკანონო ბრძანებებს იღებდა და ახორცილებდა - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცნობილია, რომ უკვე შეიქმნა იურისტთა ჯგუფი, რომელიც კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვებაზე იმუშავებს.