გახშირებული პროვოკაციები საოკუპაციო ხაზთან - ოპოზიცია ხელისუფლების უნიათობაზე საუბრობს

03.05.21 13:35
გახშირებული პროვოკაციები საოკუპაციო ხაზთან - ოპოზიცია ხელისუფლების უნიათობაზე საუბრობს

გახშირებული პროვოკაციები საოკუპაციო ხაზთან „ქართული ოცნების“ ლოიალურობის და არგაღიზიანების შედეგია - ასე აფასებს ოპოზიცია გუშინ სოფელ ხურვალეთში მომხდარ ფაქტს. „ლელოს“ წევრი, არჩილ გოგელია, ამბობს, რომ „ქართული ოცნების„ მმართველობის პირობებში საქართველოს სახელმწიფოობრიობა აღარ არსებობს დახელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების დაცვა არ შეუძლია.

წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პირობებში ამ ხელისუფლებას არ დაუჭერია არც  ერთ ჯაშუში და არასდროს ჰქონია ადეკვატური რეაქცია რუსი სამხედროების უკანონო ბოგინის მიმართ. მთელი მათი პოლიტიკა მთელი ამ წლების განმავლობაშ იყო ერთნაირად კაპიტულანტური. საქართველოს სახელმწიფო აღარ არსებობს მათ პირობებში, საქართველოს ხელისუფლება საერთოდ ვერ იცავს თავის თავს და მშვიდობიან მოქალაქეებს. ერთადერთი, რაც გამოსდის ქართულ სახელმწიფოს თავისი პოლიციით და ყველა სხვა განშტოებით, არის რუსეთის დანებება, დგომა და ყურება, თუ როგორ შეურაცხყოფს რუსეთი ჩვენს სურვერენულობას და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებს, - განაცხადა არჩილ გოგელიამ.

ოკუპანტების მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გაგრძელებას და კიდევ უფრო გამწვავებას არ გამორიცხავს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა რუს ოკუპანტებთან მიმართებაში ტაქტიკა უნდა შეცვალოს და მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს. 

დღეს თუ გადმოსვლა  და გინება იყო, ხვალ იქნება გადმოსვლა და გასროლაც. არგაღიზიანების პოლიტიკამ ყირიმი დააკარგვინა იანუკოვიჩს თავის დროზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მკაცრი მიდგომა უნდა იყოს, გამკაცრდეს ბლოკპოსტები, იყოს მკაცრი რეაგირება პოლიციის მხრიდან, რომ მოწინააღმდეგე მხარემ კარგად იცოდეს, რომ თუ შეექმნება საფრთხე საქართელოს მოქალაქეებს, მიიღებს კონკრეტულ ადეკვატურ პასუხს, - აცხადებს დავითაია. 

ოკუპანტები გუშინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთში, გადმოვიდნენ, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა საზღვრის უკანონო კვეთისთვის რუსი სამხედროები არ დაუკავებიათ. 
 

მსგავსი სიახლეები