საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი - მხარეთა პოზიციები
როდის დაარეგისტრირებს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის კანონპროექტს საკანომდებლო ორგანოში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ოპოზიციის ერთი ნაწილი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ამ პროცედურას თვეები დასჭირდება, რასაც წინ ამნისტიის კანონის მიღება უსწრებს.
საგამოძიებო კომისიას პრინციპულად არ ვეწინააღმდეგებით და ეს ძალიან კარგი მექანიზმია ზოგადად, მსგავსი საქმეების გამოსაძიებლად, ოღონდ ყველას გვესმის, რომ ეს პროცესი შეიძლება, თვეები გაიწელოს და ამნისტიის კანონი უნდა მივიღოთ რაც შეიძლება, დაჩქარებული წესით. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეიძლება ,მოხდეს პოზიციების დაახლოება და ერთი კანონპროექტის გატანა, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია ჯერ არ აქვს გიორგი გახარიას გუნდს.
არ ვიცი, მხარს დავუჭერთ თუ არა. ალბათ პრობლემა არ უნდა იყოს არანაირი, რადგანაც საგამოძიებო კომისია ემსახურება 20 ივნისის თემას. უნდა გავიაროთ ეს საკითხი გუნდმა და ამის შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. გიორგი გახარიას ყოველთვის შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის გამოძიების ფარგლებშიც, - ამბობს ბექა ლილუაშილი.
საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიცია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მორალური წნეხისგან თავის დაღწევას მსგავის ინიციატივებით ცდილობენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნა ეს არის მექანიზმი ოპოზიციის, რომელიც ჩვენ გადავეცით მე-9 მოწვევის პარლამენტში და ამას ჯერ ერთი დაანონსება არ სჭირდება და მეორე, საგამოძიებო კომისია, რომელიც ჩვენ უკვე შევქმენით მათივე პრეტენზიის საფუძველზე, ბუნებრივია, მაგაში არ მიიღეს მონაწილეობა და არ მგონია, რომ მათ მიზანი ჰქონდეთ საგამოძიებო კომისიის შექმნის, არამედ, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ რაღაცნაირად გაიმართლონ თავი, იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, - ამბობს მმართელი გუნდის წევრი, გურამ მაჭარაშვილი.
იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის კანონპროექტის ინიცირება მოხდეს საკანონმდებლო ორგანოში, 50 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი, ამისათვის კი პარლამენტში „ნაციონალური მოძრობა“ უნდა შევიდეს.