ამნისტიის კანონის განხილვა გადაიდო - „ოცნების“ დეპუტატები შვებულებაში გავიდნენ

03.05.21 15:26
ამნისტიის კანონის განხილვა გადაიდო - „ოცნების“ დეპუტატები შვებულებაში გავიდნენ

ამნისტიის კანონის განხილვა სავარაუდოდ, ორი კვირით გადაიდო - „ქართული ოცნების“ დეპუტატები შვებულებაში გავიდნენ. პოლიტიკური შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია ხვალიდან პარლამენტის მუშაობაში ჩართვას გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად პარლამენტმა შვებულების შესახებ განცხადება გაავრცელა. სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა და  კომიტეტები არ გაიმართება. 

საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეები. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტსაც ეხება უქმე დღეები. გამომდინარე აქედან, უახლოესი ბიურო როცა ჩატარდება ამ დღეების შემდგომ, აქვე დარეგისტრირდება როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები, - განაცხადა მმართელი გუნდის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ როდესაც  ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია და პარლამენტს მნიშვნელოვანი საკითხები ჰქონდა განსახილველი, ორ კვირიანი შვებულება მართებული არ  იყო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონზე მსჯელობას განგებ აჭიანურებდეს. 

ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ პრინციპული საკითხები გარკვეული იქნას იქამდე, სანამ პარლამენტი სრულყოფილად გააგრძელებს მუშაობას და გააგრძელებს მონაწილეობას ოპოზიციის მონაწილეობით. თუ ხელისუფლება აი, ამ დროს გამოიყენებს იმისთვის, რომ პრინციპული საკითხების გადაწყვეტაში მიიღოს მონაწილეობა და შეასრულოს პოზიტიური როლი, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ დროს არ გამოიყენებს პროდუქტიულად, ეს იქნება ფუჭად დახარჯული დრო, რომელიც რიგი საკითხების გაჭიანურებისკენ შეიძლება იყოს მიმართული, - ამბობს „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე.

როდის გაიმართება  პარლამენტში მორიგი ბიუროს სხდომა ჯერ-ჯერობით უცნობია. 
 

მსგავსი სიახლეები