სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელება - ედუარდ მარიკაშვილი 5 ივლისის მოძალადეებისთვის სასჯელის შემსუბუქებაზე
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სახელმწიფოს მთლიანი პოლიტიკის ზოგადი გაგრძელება - უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი სააპელაციო სასამართლო დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირდათ.
ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, 5 ივლისის საქმეზე 2 მთავარი კითხვა ისმის, რომლის პირველი ნაწილი არაადეკვატურ გამოძიებას, მეორე კი სასამართლოს არასწორ შეფასებას ეხება.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სახელმწიფოს მთლიანი პოლიტიკის ზოგადი გაგრძელება, რომელსაც ისინი ატარებენ მოწყვლადი ჯგუფებისა და მედიის მიმართ. ეს დამოკიდებულება ვიხილეთ 5 ივლისს და მგონი, უკვე ეჭვგარეშეა, რომ ეს ძალადობა წარმოადგენდა სახელმწიფოსთან კოორდინირებულ ქმედებას. ეს ყველაფერი კი შემდგომ გაგრძელდა სასამართლოში.
ვფიქრობ, რომ პროკურატურაში, გამოძიებით ნაწილში, სერიოზული ჩავარდნები არსებობს, შემდგომ კი სასამართლოში, რომელმაც ვერ შეძლო, ან არ შეძლო, სათანადო კვალიფიკაცია მიენიჭებინა იმ ქმედებებისთვის, რაც ამ მოძალადეებმა ჩაიდინეს.
სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ამ სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელებაა. აქ 2 მთავარი კითხვა ისმევა:
ჰქონდა თუ არა პროკურატურას ყველა ზომა გამოყენებული, ჩაატარა თუ არა ადეკვატური საგამოძიებო მოქმედებები და მეორე კითხვა, სასამართლომ რამდენად სწორად შეაფასა ეს ყველაფერი. - ამბობს უფლებამცველი ედუარდ მარიკაშვილი.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულმა 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირა.