დაგვეხმარეთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში - ქართველი ექიმების მიმართვა ზელენსკის

16.01.23 17:24
დაგვეხმარეთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში - ქართველი ექიმების მიმართვა ზელენსკის

ქართველი ექიმები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი წერილით მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის სიციცხლის გადარჩენას სთხოვენ: 

"საქართველოს სახალხო დამცველისა და სხვა ქართველი და უცხოელი დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებით, ამჟამად ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს 14 სხვადასხვა დაავადება, მათ შორის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია დაუდგინდა.

არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, ჩნდება რეალური საშიშროება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მხრივ განვითარდეს შეუქცევადი  პროცესები, მის ორგანიზმში ხანგრძლივი დროით მოცირკულირე ენდოტოქსინების გამო, მაღალია კანცეროგენეზის რისკი.

ფსიქოლოგიური სტრესითა და პოლიორგანული ფუნქციის დარღვევით გართულებული პაციენტის  საქართველოში მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სიმწირის გამო. მისი, სრულფასოვანი მკურნალობა და რეაბილიტაცია  შესაძლებელია, მხოლოდ  საზღვარგარეთ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსია და პროგრესულად მოაზროვნე რეფორმატორია. სამწუხაროდ, დღეს ის პუტინის "პირადი პატიმარია".
ბატონო პრეზიდენტო, უკრაინის მოქალაქის, მძიმე პაციენტის - მიხეილ სააკაშვილის  სიცოცხლე საფრთხეშია! 

გთხოვთ,  დაგვეხმაროთ ქართველ ექიმებს  პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში და  გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელთა უშუალო ჩართულობით,  მას დროებით გადაუვადდეს სასჯელი და  ჰუმანიტარული მიზნით  იგი გადაყვანილი იქნას ევროპის ან ამერიკის მაღალკვალიფიციურ კლინიკაში სამკურნალოდ"- წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: 

ვილი პაჭკორია - საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. მანანა ჯებაშვილი - საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა 
ნაციონალური საზოგადოების პრეზიდენტი,  მედიცინის დოქტორი, პროფესორი.
გიორგი ჩახუნაშვილი - სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის პრეზიდენტი, 
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.

მსგავსი სიახლეები