წულუკიანის ავტონომიური ტერორიზმი - კულტურის მინისტრის ახალი ბრძანება

04.05.21 11:46
წულუკიანის ავტონომიური ტერორიზმი - კულტურის მინისტრის ახალი ბრძანება

იმ ფონზე, როდესაც პარლამენტი და სხვა საჯარო უწყებები ისვენებენ, მინისტრების ერთი ნაწილი პირადი ბრძანების საფუძველზე დასვენების დღეებს აუქმებს. ასეთი ბრძანება გასცა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც. წულუკიანის უწყების სამი დეპარტამენტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. 

კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მიიღეს, თუმცა ამაზე მედიასთან ვერ ისაუბრებენ. 

ეს არის მინისტრის გადაწყვეტილება და არის გარკვეული საკითხები, რომელსაც ტელევიზიით ვერ ვილაპარაკებ ამ ეტაპზე, - ამბობს უწყების ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კრიზისის შექმნას ხელოვნურად ცდილობს. მათი თქმით, პარლამენტს შეეძლო, ყველა რეგულაციის დაცვით გაეგრძელებინა მუშაობა და ემსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ამნისტიის კანონი. 

მაშინ, როდესაც თურმე მთელმა საჯარო სამსახურმა უნდა დაისვენოს, თეა წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ მისმა უწყებამ არ უნდა დაისვენოს. ეს არის წულუკიანის ავტონომიური ტერორიზმი, ასე მინდა შევაფასო. რაც შეეხება პარლამენტს,  პარლამენტი არის სრულ სიყალბეში ამ მომენტში ჩართული. პარლამენტი აცხადებს, რომ თურმე უნდა დაისვენოს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური კანონია განსახილველი, რომელსაც არ აქვს მხოლოდ სამართლებრივი მნიშვნელობა, არამედ სრულიად პოლიტიკური მნიშვნელობა, - აცხადებს „ლელოს“ წევრი, არჩილ გოგელია. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია, თვლის, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ფონზე, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა უნდა გაეგრძელებინა.

თეა წულუკიანის განცხადება, რომ ის არ ემორჩლება იმ რეგულაციებს, რომელიც მიიღო სახელმწიფომ, პირველ რიგში უპასუხისმგებლობაა. იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი ფაქტიურად ქვეყანაში არის პოლიტიკის განმსაზღვრელი და როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში, რა თქმა უნდა, პარლამენტს შეუძლია, ნებისმიერი მომენტში მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს სამუშაო ვითარება, შეკრიბოს რეგულაციების დაცვით დეპუტატები და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნისთვის იქნება აუცილებელი, - აცხადებს ლაშა დამენია.