გამოაცხადონ ნებისმიერი განაჩენი, არხის პოლიტიკა არ შეიცვლება - ვახტანგ წერეთელი

20.01.23 17:39
გამოაცხადონ ნებისმიერი განაჩენი, არხის პოლიტიკა არ შეიცვლება - ვახტანგ წერეთელი

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის სააპელაციო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. თუმცა, როდის გამოცხადდება განაჩენი, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძეს თარიღი არ დაუსახელებია.

დღევანდელ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო ავთანდილ წერეთელი. მის ნაცვლად კი დარბაზში იმყოფებოდა შვილი, ვახტანგ წერეთელი. 

,,ტვ პირველის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, ამით არხის პოლიტიკა არ შეიცვლება. 

ჩემი ოჯახისთვის განაჩენი უკვე კაი ხანია, გამოტანილია. იცით, რომ გულზე პრობლემები ჰქონდა და დღესაც ვერ დაესწრო მამა პროცესს. 

4 წელია, ამ მარაზმს ვუყურებთ, ხომ უნდა დასრულდეს როდესმე? 

გამოაცხადონ განაჩენი ან ასე, ან ისე, ნებისმიერ შემთხვევაში არხი იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

2019 წლის 24 ივლისს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 16 მლნ ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ხოლო ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. თუმცა, სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალეს და  ჯგუფურ თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ.

მათ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები