ნიკა მელია საქმე სამართლებრივ ჩიხშია - ევროკავშირს გირაოს გადახდის საშუალება არ ეძლევა

04.05.21 15:22
ნიკა მელია საქმე სამართლებრივ ჩიხშია - ევროკავშირს გირაოს გადახდის საშუალება არ ეძლევა

ნიკა მელიას საქმე სამართლებრივ ჩიხშია. ევროკავშირს ოპოზიციონერი ლიდერის გირაოს გადმორიცხვა სამართლებრივად არ შეუძლია, ვინაიდან მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც გირაოს თანხის გადახდა იქნება შესაძლებელი. 

„ლელოს“ წევრი, ლევან სამუშია, ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხელისუფლების ტყვეა და ევროკავშირი მზადაა, მის გასათავისუფლებლად გამოსასყიდი გადაიხადოს. სამუშია ასევე იმ პროცედურას განმარტავს, რომლის მეშვეობითაც ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლა მოხერხდება. ოპოზიციის წევრის თქმით, ევროკავშირმა გირაოს გადახდა ახლაც რომ მოინდომოს, ამას იმ აღკვეთის ღონისძიების გამო ვერ მოახერხებს, რომელიც ნიკა მელიას აქვს შეფარდებული. 

ყველასთვის ცნობილია პოზიტიური განწყობა და პოზიცია ევროკავშირის გამოსასყიდთან დაკავშირებით. ახლა ჯერი პროკურატურაზეა, როდესაც პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს პატიმრობის გამოსასყიდით შეცვლის შესახებ. ყოველთვის ჯერი პროკურატურაზე იყო იმიტომ, რომ პროკურატურას ჰყავს ნიკა მელია დატყევევებული. ევროკავშირს ახლაც  რომ უნდოდეს გირაოს გადახდა, ვერანაირად ვერ გადაიხდის, ვინაიდან ძალაშია პატიმრობის გადაწყვეტილება, ხოლო გირაოს შესახებ გადაწყვეტილება არავის გამოუტანია. თუ ვინმე საუბრობს, რომ თანხმობის შემთხვევაში ევროკავშირი გადაიხდის, ეს ასე არ არის, - აცხადებს ლევან სამუშია.