რა უთხრეს საქართველოს ელჩს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში

25.01.23 17:35
რა უთხრეს საქართველოს ელჩს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ.

ევჰენ პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქ კიევისთვის, ლვოვისთვის, ხარკოვისთვის, მიკოლაივისა და ჰოსტომელისთვის გენერატორების მიწოდებისთვის, ასევე საქართველოში უკრაინელი ბავშვების გაჯანსაღების პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება 2023 წელს არის დაგეგმილი. მან ცალკე მადლობა გადაუხადა იმ უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა რუსული აგრესიის გამო.
 

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე, რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის ფედერაციაში ფრენების განახლებას.
 

ევჰენ პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა.
 

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული მშვიდობის ფორმულის რეალიზაციაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და ასევე დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისო დიალოგის გააქტიურება",- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები