სანქცირებული საქონელი საქართველოს საბაჟოზე - რას ამბობს ფინანსთა მინისტრი

26.01.23 12:15
სანქცირებული საქონელი საქართველოს საბაჟოზე - რას ამბობს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან, კომპეტენტურ უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდთან და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან.

„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგი სახეზეა - მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 500-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. როგორც უკვე აღინიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, გემებისა და გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. მინისტრის განცხადებით, თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

მსგავსი სიახლეები