4 წელი ადამიანი საავადმყოფოდან სასამართლოში ატარეს, ამას აქ თუ არა, სტრასბურგში მაინც დაესმება წერტილი - ვატო წერეთელი
"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებულ განაჩენი უზენასეში გასაჩივრდება.
წერეთელი ამბობს, რომ აღნიშნულ დავაზე მისი 71 წლის მამა, ავთანდილ წერეთელი, საავადმყოფოდან სასამართლოში ატარეს, თუმცა მისი თქმით, ამ მახინჯმა სისტემაც კი ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილის ფანტაზიების სრულად დაკმაყოფილება.
ეს მახინჯი სისტემაც კი, როგორიც არის სასამართლო, ვერ უკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილს თავის ფანტაზიებს და იმის იქით, რომ ადამიანები ატარონ 4 წელი აქეთ-იქით, ამის იქითაც ვერ მიდიან. იმიტომ, რომ გამორიცხულია, ის ფანტაზიები დაუკმაყოფილოს ბიძინა ივანიშვილს, თუნდაც ამ მახინჯმა სასამართლომ, რასაც ედავებიან.
აუცილებლად გავასაჩივრებთ. უნდა დაესვას წერტილი, რომ 4 წელი ადამიანი სასამართლოდან საავადმყოფოში და საავადმყოფოდან სასამართლოში ატარეს, ამას აქ თუ არა სტრასბურგში მაინც დაესმება წერტილი - ამბობს ვატო წერეთელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდნენ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც მათ პროკურატურა ედავებოდა.
გასული წლის 12 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ თითოეულ მათგანს სასჯელის სახით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სისხლისსამართლებრივი საქმის ხანდაზმულობის გამო სამივე მათგანი სასჯელისგან გათავისუფლდა.