არჩევნები ორი შედეგით შეიძლება, დასრულდეს- პარტია ან გაძლიერდება, ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში - ნიკა მელია
ეს ღირებულებითი არჩევნებია, ამომრჩეველს სურს, პარტიაზე გავლენას ახდენდეს ხალხი და არა ფული - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის შიდა არჩევნებისთვის რეგიტრაციის პროცესის დასრულებას ეხმიანება.
ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია უნდა იმართებოდეს ხალხის რჩეულების მიერ და არა კულისებიდან.
რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი.
რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი მძაფრი ინტერესი და აქტიურობა?
ამომრჩევლებმა, მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს საფრთხე - რომ თუ არ იაქტიურებენ ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც იმართება ეს ქვეყანა - არაფორმალურ მმართველის მიერ.
ხალხს უნდა, რომ არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია!
ხალხს უნდა რომ პარტიაზე გავლენა ჰქონდეს ხალხს და არა ფულს. ხალხს უნდა, რომ პარტია იმართებოდეს მათი რჩეულის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კულისებშია.ხალხს უნდა რომ პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს.
ფარული კენჭისყრა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს 10 საათზე დასრულდება.
ეს არჩევნები ღირებულებითი არჩევნებია. ეს არჩევნები შეიძლება დასრულდეს ორი შედეგით.
ან პარტია არათუ გადარჩება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება - გაიზრდება როგორც მხარდამჭერთა რაოდენობა, ისე ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ დაკარგავს ამ შანსს და გადავა სულის ღაფვის რეჟიმში.
კენჭისყრა იქნება ფარული. ვერავინ ვერ გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა და იმედია დამარცხებული აღიარებს არჩევნების შედეგებს და მიულოცავს გამარჯვებულს.
აუცილებლად გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით! - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.
ენმ-ში არჩევნები ბლოკჩეინის მეთოდით გაიმართება, ხმის მიცემის პროცესი 30 იანვარს დასრულდება.