საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - ქვეყანა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას იწყებს. ეს არის დრონები, რომელსაც შეუძლია დაზვერვა და მოწინააღმდეგის სამიზნე ობიექტების განადგურებაც. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში უპილოტო საფრენი აპარატები რეალობას ცვლის, დრონებმა კი უკრიანის ომში გარდამტეხი როლი ითამაშა, საქართველო პოლონეთთან ერთად ქართულ ქარხანაში ქართული დრონების წარმოებას იწყებს.
საუბარია WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენ აპარატრებზე.
სატესტო ფრენა კრწანისის სასროლეთზე განხორციელდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით. WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ.