ენმ პრაქტიკულად დაშლია, ოპოზიციურ სპექტრში დომინანტი ძალა აღარ იქნება - გურამ მაჭარაშვილი
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრაქტიკულად დაშლილია, ოპოზიციურ სპექტრში დომინანტი ძალა აღარ იქნება - ამის შესახებ ,,ხალხის ძალის" ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, განაცხადა.
მაჭარაშვილის პროგნოზით ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დომინანტი პარტია, რომელიც სხვა ძალების წამოწყებას შთანთქავდა, აღარ იქნება.
„ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად დაშლილია - რამდენ მიმართულებად დაიშლება, ვინ გაიმარჯვებს და შემდეგ ეს გამარჯვებული რას გააკეთებს, ან დამარცხებული კანდიდატი ცალკე პარტიას შექმნის თუ არა, ეს დეტალები შინაარსობრივად დიდი ინტერესის მქონე არაა.
მოხდება ის, რასაც ვამბობდით - ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დომინანტი პარტია, რომელიც ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ნორმალურ წამოწყებას შთანთქავდა, აღარ იქნება. ამის დასაწყისი იქნება 28-30 იანვარი.
ვინც არ უნდა მოიგოს, ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” მინიმუმ რამდენიმე ნაწილად გაყოფა, რაც ოპოზიციისთვის კარგია. თუ ხაბეიშვილი მოიგებს, ყველამ იცის, რომ მის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი დგას, ეს ორი ადამიანი კი ძალიან ბევრისთვის, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისთვისაც, მიუღებელია.
თუ მელია გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ როგორც თავადვე აღიარებენ ხაბეიშვილის მომხრეები, ეს არ არის მიშას პარტია, რომელიც იყო თავის დროზე და დიდი განხეთქილება მოხდება.
ვერც ხაბეიშვილის და ვერც მელიას გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ განვითარების შესაძლებლობა ვერ იქნება - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ენმ-ში არჩევნები ხვალ იწყება. ხმის მიცემის პროცესი 30 იანვრამდე გაგრძელდება.