მხარს ვუჭერ სიმართლეს, პოლიტიკაში სუფთა ხელებით ქმედებას, ანუ მხარს ნიკა მელიას ვუჭერ - სოფო ჯაფარიძე
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, სოფო ჯაფარიძე, აცხადებს, რომ მის ძალიან დიდ გუნდსა და თანამოაზრეებთან ერთად ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს.
სოფო ჯაფარიძე ნიკა მელიას კონკურენტს, ლევან ხაბეიშვილს, მიმართავს და აცხადებს, რომ სულაც არ იყო საჭირო პარტიის თავმჯდომარის პოსტი, თუ მას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა სურდა.
ვფიქრობ ახლა ჩვენი ყურადღება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად უნდა ყოფილიყო მიმართული და მას შემდეგ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, რომლის ინიციატორიც, სხვათა შორის, ნიკა მელია იყო.
ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არ საჭიროებდა პარტიის თავმჯდომარის სკამს და თუ ვინმეს აღნიშნული ბრძოლა სურდა, არ იყო აუცილებელი თავმჯდომარის პოსტი ამისთვის.
ეს არგუმენტი იყო არადამაჯერებელი და სრულიად ყალბი.
იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები მაინც ტარდება, მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო:
მინდა, მხარი დავჭირო სიმართლეს, პოლიტიკაში სუფთა ხელებით ქმედებას და ღირსებას, ანუ მინდა, მხარი დავუჭირო ნიკა მელიას.
ნიკა მელიას მხარს ვუჭერ ჩემს ძალიან დიდ გუნდთან და თანამოაზრეებთან ერთად - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ენმ-ს შიდა არჩევნებში 50 ათასამდე პირი დარეგისტრირდა. ხმის მიცემის პროცესი ხვალ დაიწყება და 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ენ-ს თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.