ყველაფერს თავად მიშა გასცემს მალე პასუხს, როდესაც ის თავისუფალი იქნება - ცისკარიშვილი ხმაურიან ინტერვიუზე
სააკაშვილის ხმაურიანი ინტერვიუს შესახებ "შპიგელთან" "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს საუბარი უჭირს.
პეტრე ცისკარიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ შეკითხვებს თავად მიშა სააკაშვილი გასცემს ძალიან მალე პასუხს, როდესაც ის თავისუფალი იქნება.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ჩანერგილ აგენტებს, მე ვერაფერს გეტყვით. მოვა დრო, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინება, თვითონ მიშაც ამაზე ისაუბრებს და თავისუფალი მართლმსაჯულების პირობებშიც გამოვლინდება, თუკი ასეთი ადამიანები იმ ლოჯისტიკურ პროცესში არსებობდნენ. როგორც წესი, ასეთ შეკითხვებს ისტორია სცემს ხოლმე პასუხს, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, ეს არ იქნება რაღაცა ათწლეულების შემდეგ. ძალიან მალე, როდესაც მიშა იქნება თავისუფალი, ის თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს", - ამბობს ცისკარიშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "შპიგელს" სკანდალური ინტერვიუ მისცა.
მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. ინტერვიუ, რომელიც წერილობით შედგა, ხმაურიანი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, ვინც 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში იყვნენ ჩართულები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. სააკაშვილის ამ ინტევრიუს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ვანო მერაბიშვილის წერილიც.