ფარცხალაძის შვილის რუსული ორგანიზაცია - ჟურნალისტური გამოძიება

28.01.23 21:28
ფარცხალაძის შვილის რუსული ორგანიზაცია - ჟურნალისტური გამოძიება

ოთარ ფარცხალაძე ჩრდილიდან გამოდის - ამჯერად ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრის, ყოფილი მთავარი პროკურორის შვილი დგება.  

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წლის 25 მაისს, ანდრეა ფარცხალაძემ თანამოაზრესთან,  არჩილ ბუბუტეიშვილთან ერთად,  "კონსერვატორული კავშირი" დააფუძნა. ირკვევა, რომ ანდრია ფარცხალაძის პირველი ნაბიჯები,  რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იყო.  

"შაბათის ეთერი" მოსკოვში, 2022 წლის 14 დეკემბერს გადაღებულ კადრებსაც ასაჯაროებს. ირკვევა, რომ რუსი დეპუტატები და თბილისიდან ჩასული პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველო რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე მსჯელობდნენ. ანუ თბილისიდან ჩასული დელეგაცია  მოსკოვს ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას სთხოვდა.  

ირკვევა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ოთარ ფარცხალაძის შვილის დაფუძნებული "კონსერვატორთა კავშირის" თავმჯდომარე არჩილ ბუბუტეიშვილი იყო.  წყარო, რომელიც შეხვედრის ყველა დეტალზე ინფორმაციას ფლობს, ამტკიცებს, რომ მოსკოვში ყოფილი მთავარი პროკურორის ვაჟიც იმყოფებოდა.  

რა მიზნებს ემსახურება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაფუძნებული კონსერვატიული კავშირი და იყო თუ არა მათი პოლიტიკური განაცხადი მოსკოვში ვიზიტი, რა მიზნით იყო მოსკოვში ჩასული ფარცხალაძის შვილის დაფუძნებული ორგანიზაციის თავმჯდომარე? - ამის გარკვევას "შაბათის ეთერი" თბილისში კოსტავას გამზირზე, ოთარ ფარცხალაძის სახელზე რეგისტრირებული ოფისში შეეცადა. ადგილზე მისულ რეპორტიორებს აგრესიით დახვდნენ. 

ოთარ ფარცხალაძის შვილის, არასამთავრობო ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მათი მიზანია მჭიდრო ურთიერთობების დამყარება კავკასიელ ხალხთა შორის,  პოლიტიკური რეპრესიების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და აქციების გამართვა.  თუმცა ყველაზე საეჭვო, წესდების 22-ე ნაწილია.  ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრის შვილი დოკუმენტებში წერს, რომ  მისი ორგანიზაცია მოიზიდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფონდების, სახელმწიფო ორგანიზაციების შემოწირულობებს ნაღდი ფულის ან უძრავი ქონების სახით.

რა მიზანი ჰქონდა შეკრებას მოსკოვში -  მონაწილეების უმრავლესობა ინტერვიუზე უარს ამბობს.
ვინც კამერებთან ჩერდება ამტკიცებს, რომ  ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ითხოვეს სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა.  თუმცა რეალური მოტივები  რუსეთის ფედერაციის სათათბიროს ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გათქვა.  ვლადიმერ ისაკოვი ამბობს, რომ  ხალხს დასავლური პროპაგანდით საქართველოში ტვინებს ურეცხავენ, ამიტომ  ახალგაზრდებზე  მუშაობა მოსკოვმა გადაწყვიტა.  

რუსეთის მმართველი გუნდი პირდაპირ ამბობს, რომ აკვირდებიან იმ ახალგაზრდებს საქართველოში, ვისაც რუსეთთან კავშირების აღდგენა უნდა. ამ ახალგაზრდებს შორის, ოთარ ფარცხალაძის შვილი და მისი ორგანიზაციის თავმჯდომარე არიან.

 

მსგავსი სიახლეები