"სტრატეგია აღმაშენებელი", თუ "ლელო საქართველო" - პოლიტიკური გადაჯგუფებები ოპოზიციაში

05.05.21 11:52
"სტრატეგია აღმაშენებელი", თუ "ლელო საქართველო" - პოლიტიკური გადაჯგუფებები ოპოზიციაში

„სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ „ლელო საქართველო“ - ის დეპუტატები, რომელებმაც პოლიტიკური შეთანხმების აქტს დამოუკიდებლად მოაწერეს ხელი, არჩევანის წინაშე დგანან. პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ,  რომელ პოლიტიკურ პარტიებში გადანაწილდებიან, რადგან საპარლამენტო ფრაქციის შექმნა მხოლოდ პარტიას შეუძლია. სალომე სამადაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე და შალვა შავგულიძე  „ლელო საქართველოს“ , ან „სტრატეგია აღმაშენებლის“ რიგებში უნდა გაწევრიანდნენ.

დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს. 

გეგმა გვაქვს მომავალში, მაგრამ ახლა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ნიკა მელია გამოვიდეს რაც შეიძლება მალე, რომ გადავერთოთ შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტების შესრულებაზე. ფრაქციების გადანაწილებაზე, კომიტეტებზე, კაბინეტებზე, დასაჯდომებზე არ გვიფიქრია საერთოდ, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე.

გადაწყვეტილება არ მიუღია არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს.

ბევრ ადამიანთან მაქვს კონსულტაციები სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ჩამოყალიბებული ვარ, - ამბობს სამადაშვილი.

რაც შეეხება  „გირჩს“, საკმარისი ხმების მოგროვების შემთხვევაში ისინი დამოუკიდებელი პარტიის შექმნას შეეცდებიან. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მათი ინტელექტის შესაფერის ადამიანებს საკუთარ პარტიაში დაელოდებიან. 

არავისთან შეერთებას არ ვაპირებთ, თუ აღმოჩნდება ჩვენი შესაფერისი განათლების და ინტელექტის მქონე ადამიანები სხვა პარტიაში, რომლებიც თავისუფლების იდეასთან შემოერთებას გადაწყვეტენ, ჩვენ აქეთ ველოდებით ადამიანებს, - ამბობს იაგო ხვიჩია.