ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია, ვართ მზად, კარი გავხსნათ მათთან - პრემიერი

30.01.23 16:08
ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია,  ვართ მზად, კარი გავხსნათ მათთან - პრემიერი

"რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობა, რადგან პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის დასრულებას, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციასთან კარები გახსნან: 

ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ და ოპოზიციასთან იყოს მუდმივი დიალოგი. ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში"- თქვა მან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის კანცელარიის ცნობით, ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს ავსტრიის რესპუბლიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველოს ავსტრიის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტი. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

 

მსგავსი სიახლეები