მარტო კეზერაშვილი ამოიკითხეთ? - ხაბეიშვილის ფლანგი ჩერგოლეიშვილის სკანდალურ მხილებაზე
"ტაბულას" დამფუძნებლის სკანდალურ განცხადებებაში დასახელებული არც ერთი პირი კომენტარს არ აკეთებს. თუმცა კომენტარს აკეთებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც ამ პოსტშია მოხსენიებული და აპრიორი კეზერაშვილზე არ უნდა ვისაუბროთ.
შესაბამისად, ბოტკოველი კითხვის დასმისას გაღიზიანდა.
"მარტო ეს ადამიანი ამოიკითხეთ ჩერგოლეიშვილის პოსტში? იქ ბევრი ადამიანი იყო დასახელებული. აუცილებლად, ყოველთვის გინდათ, რომ ეს გვარი და სახელი გავიმეორო და რატომ? თუ გინდათ რომ ერთი კონკრეტული გვარი ამოიკითხოთ, კი ბატონო. ჩერგოლეიშვილის პოსტის კომენტატორად ნამდვილად არ გამოგადგებით", - ამბობს ბოტკოველი.
ხაბეიშვილის ფლანგის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე კი ჩანაწერის შინაარსზე ამახვილებს უფრო მეტად ყურადღებას, ვიდრე მის გამავრცელებლებზე, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა დაასახელა. კეზერაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხს კირკიტაძემ თავი აარიდა.
ძალიან ვწუხვარ, თუ მსგავსი პოზიცია ოდესმე ჰქონდა ნიკა მელიას. არ მინდა ამ ჩანაწერზე საუბარი. თუ ეს სიმართლეა, რასაც ქალბატონი ჩერგოლეიშვილი ამბობს, ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთი პოზიცია ჰქონდა და ასეთი ფორმებით თუ გამოთქვამდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე.
ეს იყო ვოის-მესიჯი, რომელიც ჩავარდა ჩათში, რომლის წევრიც არასდროს ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი იქვე გავცემდი პასუხს იმ ადამიანს, რომელიც მსგავსი სიტყვებით მოიხსენიებს ამ პარტიის ლიდერს და დამფუძნებელს", - ამბობს კირკიტაძე.
დავიტ კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გიგი უგულავა და ლევან თარხნიშივლი - პირადი ჩანაწერების გასაჯროვებაში დადანაშაულებული პირებიდან არც ერთს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია. ნიკა მელიას აუდიო შეტყობინების პოლიტიკურ კომპრომატად გამოყენებაში ისინი დღეს თამარ ჩერგოლეიშვილმა დაადანაშაუალა. "ტაბულას" დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ ჩატში სადაც მელიას აუდიო ფაილი გაიგზვნა, თავადაც იყო და მისი გასაჯაროვება მხოლოდ ამ ოთხს პირს შეეძლო.