დატოვებს თუ არა ენმ პარლამენტს, გადაწყვეტილებას პარტიის ყრილობაზე მიიღებენ
დატოვებს თუ არა პარლამენტს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"? ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ მარტში დაგეგმილ ყრილობაზე მიიღოს, რადგან ენმ-ში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.
პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკიტაძე, მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს დატოვების გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს, ხოლო პარტიის პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დატოვებს თუ არა პარლამენტს ,,ნაცმოძრაობა", ამაზე დიდი ხანია, მსჯელობა მიმდინარეობს. ინდივიდუალურად ეს გაუკეთებიათ ადამიანებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს, ნონა მამულაშვილს.
ახლაც, თუ მათ სურვილი აქვთ, მიიღონ ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ამას არავის უშლის. ხოლო პარტია ჩამოყალიბდება და გააკეთებს განცხადებას. - აცხადებს დავით კირკიტაძე.
პარლამენტის წევრი, გიორგი ბოტკოველი, მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტიკური ბრძოლის ყველა მეთოდი უნდა გამოიყენოს, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაც. აქედან გამომდინარე, ბოტკოველი პარლამენტის დატოვებას არ აპირებს.
ბოტკოველის პოზიციას იზიარებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძეც.
რაც შეეხება ენმ-ს პოლიტსაბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, კობა ნაყოფია პარლამენტის დატოვების მომხრეა.