პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა, უსარგებლო ბრალდებები - წულუკიანი კვლევითი ცენტრის წინაღმდეგ

31.01.23 21:23
პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა, უსარგებლო ბრალდებები - წულუკიანი კვლევითი ცენტრის წინაღმდეგ

რახდება გელათში? -კულტურის სამინისტრო "ლელო საქართველოსთვის" წევრებს პასუხბს და ამბობს, რომ კვლევითი ცენტრის დასკვნა, ქვეყნის შიგნიდან, თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე შემუშავდა.

წულუკიანის უწყების მტკიცებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრი სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციაა.

კულტურის სამინისტროს მტკიცებით, მას შემდეგ, რაც, მინისტრის სავარძელი თეა წულუკიანი გახდა, კვლევითი ცენტრის მეცნიერთა "ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას და, სამწუხაროდ, ამ მიზნისათვის სისტემატურად იყენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილ ვითარებას".

დასანანია, რომ 2021 წლის მარტამდე არავის ახსოვს მოცემულ მეცნიერთა აღშფოთება გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სამინისტრო აცხადებს, რომ კვლევითი ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე იქნა შემუშავებული და ის, შესაბამისად, შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან თუნდაც მისი შემუშავების მეთოდიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოცემული დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.

ამასთან, რამდენადაც სამინისტროსათვის ახლახან გახდა ცნობილი, მოცემული დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისაგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ცენტრის ხელმძღვანელი იმავდროულად ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გვერდის ავლით „დამტკიცებული“ დასკვნა წარმოადგენს თუ არა კვლევითი ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

არავის აქვს უფლება, ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის გამოიყენოს იმ ცენტრის სახელი და ემბლემა, რომლის სათავეშიც, ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან, გიორგი ჩუბინაშვილი, ვახტანგ ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, სიმონ ჯანაშია, შალვა ამირანაშვილი და სხვა დიდი მეცნიერები იდგნენ. ნიშანდობლივია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი, ცენტრისეული რეკომენდაციების საზოგადოებისათვის წარდგენა ცენტრის შესაბამისმა მეცნიერებმა არა ცენტრის ოფისში ან სამინისტროში, ან კიდევ რომელიმე სამეცნიერო სივრცეში მოისურვეს, არამედ პოლიტიკური პარტიის ოფისში. აშკარაა, რომ უცნაურ „მეცნიერულ“ საქმიანობასთან გვაქვს საქმე.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თვალში საცემია დასკვნის ზედაპირულობა და დასკვნის ავტორთა არაკომპეტენტურობა, რომლებიც „ხარაჩოდან ვიზუალური დათვალიერებით“ აკრიტიკებენ განხორციელებულ სამუშაოებს, მათ მეთოდოლოგიას და ამას აკეთებენ ისე, რომ არავითარი პრაქტიკული გამოცდილება კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში არ გააჩნიათ.

ამავე არაკომპეტენტური თეორეტიკოსების საქმიანობის შედეგია ის, რომ სამინისტრო, უკვე რამდენიმე თვეა, სამონასტრო კომპლექსში გადარჩენით სამუშაოებს ვეღარ ახორციელებს. 2021 წლის მაისიდან დღემდე, კულტურის სამინისტროს ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედითი ნაბიჯის შესახებ ცნობილია იუნესკოსა და მისი სტრუქტურებისათვის. სამინისტრო სწორედ იუნესკოს ექსპერტების ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით ცდილობს, აღმოფხვრას პრობლემები, რომლითაც ცენტრის ზოგიერთი, პოლიტიკოსად ქცეული „მეცნიერი“ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნამდე, მთელი 12 წლის განმავლობაში, საერთოდ არ დაინტერესებულა.

სამინისტროს მიერ გელათში წარმოებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები კი საჯარო და ხელმისაწვდომია როგორც იუნესკოს, ასევე სამინისტროს ინტერნეტგვერდების საშუალებით. სამინისტრო ყოველთვის მზად იყო და კვლავაც მზად არის, გაითვალისწინოს ყველა კონკრეტული რჩევა, წინადადება თუ უკეთესი საკონსერვაციო მეთოდოლოგია გელათის სამონასტრო კომპლექსში ვითარების გასაუმჯობესებლად და არა – პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა თუ ვიწროპარტიული ინტერესით განპირობებული უსარგებლო ბრალდებები" - წერია განცხადებაში

ცნობისთვის,  ჩუბინაშვილის კვლევითი ცეტრის მიერ გელათის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე ორგანიზაციაში აუდიტის სამსახური შევიდა. 

მსგავსი სიახლეები