,,ოცნებას" არა მარტო საპარლამენტო მანდატების დათმობას, კიდევ უფრო მეტს ვთავაზობთ - ლევან ბეჟაშვილი
პარლამენტისა და საკრებულოს მანდატების, ასევე ცესკო-ში ადგილების დათმობა, პარტიული დაფინანსების დაკარგვა, ცენტრალური ოფისის ,,ოცნებისთვის" გადაფორმება - ფრაქცია
,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი, შეხედულებას იცვლის და მზადაა, ნებისმიერ დათმობებზე წავიდეს, თუ სანაცვლოდ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს.
ჩვენ ბუნებრივია, განვიხილავთ ნებისმიერ ვარიანტს. ჩვენთვის ახლა პარლამენტში ყოფნა არის დიდი ტვირთი, პასუხისმგებლობა, რათა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მოვახდინოთ საერთაშორისო პოზიციების კონსოლიდაცია.
რა თქმა უნდა, ვთავაზობთ არა მარტო პარლამენტიდან გასვლას, ,,ოცნებას" კიდევ უფრო მეტს ვთავაზობთ - პარტიული დაფინანსების დაკარგვასაც, საარჩევნო კომისიებში ადგილების დაკარგვასაც, საკრებულოებიდან გამოსვლას, ცენტრალური ოფისის გადაფორმებასა და ნულოვანი ნიშნულიდან ბრძოლას, ოღონდ ამის შედეგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
აღნიშნული წინადადებით ხელისუფლებას თავდაპირველად ენმ-ს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მიმართა, თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს მისი პირადი აზრი იყო და არა პარტიის პოზიცია.