ენმ-ს მთავარ ოფისში ევროკავშირის ელჩისა და პარტიის თავმჯდომარის შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკავშირის ელჩი ,,ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მივიდა. პაველ ჰერჩინსკი პარტიის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დახურულ კარს მიღმა ხვდება. ლევან ხაბეიშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებიან პარტიის გენმდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი ქავთარაძე.
საუბრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ეს არის პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარის პირველი ოფიციალური შეხვედრა.
ენმ-ში ამბობენ, რომ პარტია მოქმედებაზე გადავიდა და გააკეთებენ ყველაფერს, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხიდან დროულად გამოიხსნან.
დღევანდელი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ხვალინდელი შეხვედრა, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი, ყოველდღიური შეხვედრა ამ შენობაში, ამ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან იქნება მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ელჩის შეხვედრის დაწყებით ეს არის განაცხადი კიდევ ერთხელ იმისა, რომ ევროკავშირი მზად არის, ითანამშრომლოს განსაკუთრებით იმ პარტიასთან, რომელიც არის ქვეყანაში ევროპული ინტერესების გარანტი,- აცხადებს ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი.
შეხვედრის დეტალების შესახებ მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.