საქართველოში ჯანდაცვის ხარისხი და ადეკვატურობა სადავოა - ჰანი "ოცნებას" სააკაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ჩატარებაში დახმარებას სთავაზობს
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი შეშფოთებას გამოთქვამს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.
ევროკომისარმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას თქვა, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხი და ადეკვატურობა სადავოა, ამიტომ "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის საქმეზე საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში დახმარება შესთავაზა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მიხეილ სააკავშილის ჯანმრთელობის დასაცავად.
„ევროკავშირი აქტიურად აკვირდება ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას 2022 წლის სექტემბერში, საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ. სააკაშვილი დააკავეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და სხვა ბრალდებებით, რომლისთვისაც დაუსწრებლად იყო გასამართლებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში ოჯახის და ადვოკატების მოთხოვნით. ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს არაერთ მოხსენებას ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით და ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ საქართველოს მთავრობასთან და პოზიცია ასევე გამოვთქვით საჯარო განცხადებებში. ბოლო დროს, 28 დეკემბერს, ჩვენმა დელეგაციამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, განახორციელა ფორმალური დემარში იუსტიციის მინისტრთან და გამოხატა შეშფოთება ბატონი სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით არსებულ მოხსენებებზე. ჩვენ ყოველთვის ვიმეორებდით, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ბატონი სააკავშილის ჯანმრთელობის დასაცავად. როგორც პირად შეხვედრებში, ასევე საჯაროდ, მუდმივად ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობა და მიაწოდოს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ასევე, ჩვენ სისტემატურად ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის სასამართლო მოსმენებს, რომლებიც უკავშირდება სხვა ბრალდებებს და ასევე მის მოთხოვნას, რომ გადაიყვანონ საზღვარგარეთ. ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ, რომ მისი დაცვის უფლება სასამართლოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის უფლება, რომ სასამართლოზე იყოს თავად წარმოდგენილი. უნდა იყოს დაცული მისი, როგორც პატიმრის უფლება, მათ შორის კონფიდენციალობის უფლება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის პოზიცია ნათელია. საქართველოს მთავრობას აქვს მოქმედების პასუხისმგებლობა, თუ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამ კუთხით, მისი ჯანმრთელობის შესახებ შეფასებები, ასევე საქართველოში არსებული ჯანდაცვის ადეკვატურობა სადავოა სხვადასხვა მხარის მხრიდან. მჯერა, ყველას ინტერესებში შედის, რომ საქართველოს ხელისუფლება განიხილავს დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტიზას. ევროკავშირი სრულად ხელმისაწვდომია, დაეხმაროს ქართველ პარტნიორებს ამ საკითხში“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.