ევროკომისიის ანგარიშმა ცხადყო, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს - ილია დარჩიაშვილი
ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვენებული ახალ ანგარიშს საგარეო საქმეთა მინისტრი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის შეფასებით კმაყოფილია. მისი განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს რეკომენდაციები პირნათლად შეასრულა და ეს ევროკომისიის მორიგმა ანგარიშმაც ცხადყო.
ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში დადებითად აფასებს საქართველოს ძალისმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც. მოგესენებათ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახალოების ხარისხი წარმოადგენს ევროკავშირშ გაწევრიანების უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომლის გარეშე წევრობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო პოზიტიური შეფასება ისეთი მიმართულებებით როგორიცაა საბაჟო კონტროლი, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, განათლება, მეცნიერება და ინოვაციები, სამეწარმეო და ინდუსტირული პოლიტიკა, ფინანსური მომსახურება, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, სერვისების გადაადგილების თავისუფლება და სხვა.
ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს პროგრესი ისეთ ძირეულ სფეროებში, როგორიცაა ფუნდამენტური უფლებები, რაც მოიცავს სამართალდამცავ სფეროში ევროკავშირთან პოზიტიურ თანამშრომლობას.
აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში არსებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, - განაცხადა მინისტრმა.