გომელაურის უეცრად გამდიდრებული სიძე - "შაბათის ეთერის" გამოძიება
როგორ გახდა ვახტანგ გომელაურის სიძე ოფიციალური მილიონერი - "შაბათის ეთერის" მიერ აღმოჩენილია, მინისტრის ქალიშვილის, ანა გომელაურის ქმრის სახელზე გაფორმებული ბიზნესკლასის ავტომობილები და ბინები ლუქს კლასის კორპუსებში.
"შაბათის ეთერმა" საბაზრო ღირებულებით დათვალა ქონების ღირებულება, რომლის მფლობელიც 27 წლის შალვა ომსარაშვილი 2022 წელს გახდა, ჯამი მილიონ 700 ათას ლარს აღწევს. არადა, სანამ ახალგაზრდა გომელაურის სიძე გახდებოდა, გურჯაანში, სოფელ ნაურთალში მხოლოდ 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა. წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ძვირადღირებული მანქანები ომსარაშვილმა მინისტრი სიმამრისგან საჩუქრად მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, შალვა ომსარაშვილის სახელზე, სამი მანქანაა რეგისტრირებული, აქიდან ორი, 2022 წლის მოდელის ბიზნეს და ლუქს კლასის ავტომობილებია. ერთი ბოლო მოდელის "რენჯროვერ სპორტია", მეორე კი "მერსედეს ლიმუზინი". მხოლოდ ორი მოდელის სავარაუდო ფასი, 700 ათას ლარს სცდება. შინაგან საქმეთა მინისტრის სიძის, შალვა ომსარაშვილის სახელზე რეგისტრირებულია 2022 წელს გამოშვებული კიდევ ერთი ბიზნეს კლასის ავტომობილი.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოდან მოპოვებულ მონაცემებში წერია, რომ გომელაურის სიძე, 2022 წლის მანქანის სამ მოდელს ფლობს, თუმცა ბაზაში ორ მანქანას ერთი და იგივე სახელმწიფო ნომერი აქვს. ირკვევა, რომ ორიდან ერთი მანქანა შალვა ომსარაშვილმა გაასხვისა.
"შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც, გომელუარის სიძემ ბინა "სონეტ დეველოპმენტში" საჯარო რეესტრის მონაცემებით, სესხის გარეშე იყიდა. უძრავი ქონების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, აქ ახლა ერთი კვადრატული ბინის ფასი 2500 დოლარზე მეტია.
ირკვევა ისიც, რომ 2022 წელს მინისტრის შვილზე ქორწინებიდან, მალავე, შალვა ომსარშვილის სახელზე კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ, 100 კვადრატული ბინა გადაფორმდა.
როგორ მოაგროვა ვახტანგ გომალაურის სიძემ ერთ წელიწადში, ერთი მილიონ 700 ათას ლარამდე ქონება, შს მინისტრი კითხვას არ პასუხობს.
ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი