მთავარია, მოსამართლემ გაუძლოს ზეწოლას და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს - ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იმედოვნებს, რომ ხვალინდელ გადამწყვეტს სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძე ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მიხეილ სააკაშვილს სასჯელისგან გაათავისუფლებს.
შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, პროცესებზე ბრალდების მხარემ ვერცერთი მტკცებულების წარდგენა ვერ შეძლო და ახლა მთავარია, მოსამართლემ ხელისუფლების ზეწოლას გაუძლოს.
დასკვნის სიტყვებს ვიტყვით და გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება ბრალდების მხარის და პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა სამხარაულის გაყალბებული დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს. მთავარია, ახლა მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ძალა იმ ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორცილდებოდა სასამართლოზე, ეს იყო მთავრობის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, ზოგადად პოლიტიკოსებიდან, მან გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, - თქვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილის გადამწყვეტი პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ, 6 თებერვალს 17:00 საათზე გაიმართება.