პრემიერი მინისტრებს: მოსახლეობა 100%-იანი ფასნამატით ყიდულობს პროდუქტს, სასწრაფოდ შექმენით ჯგუფი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, „მოსახლეობა 100%-იანი ფასნამატით ყიდულობს პროდუქტს“. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს, შესაბამისი დავალებაც მისცა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მოძებნონ გამოსავალი.
ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ძირითადი სასურსათო პროდუქციის ფასები და პირველადი მოკვლევით, აღმოჩნდა, რომ იმპორტიორები 50-80%-იან ფასნამატს აკეთებენ.
მინდა წარმოგიდგინოთ პირველადი მოკვლევის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე: ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, მარილი, ზეთი და სხვ. აღმოჩნდა, რომ საბითუმო ფასებზე, არათუ გასაყიდ ფასებზე, 50%, 60%, 70%, 80% არის ფასნამატი. ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასნამატი, 25-30% და გამოდის, რომ ჯამში, ჩვენს მოსახლეობას უწევს 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა. რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენი მხრივ, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც ქვეყანაშია იყოს მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი.
მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ 2 კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის ძიებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერის თქმითვე, 1 ლიტრ საწვავზე 80-თეთრიანი და 1-ლარიანი ფასნამატი მიუღებელია. ღარიბაშვილმა ნავთობის მსხვილ იმპორტიორებთან დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა.
პრემიერი სურსათის ბაზარზე იმპორტიორების მოგების მარჟა მედიკამენტების იმპორტიორთა მოგებას ადხარებს და ამბობს, რომ "მთავრობის პოლიტიკამ მედიკამენტების გაიაფება უკვე გამოიწვია".