ფარული შეხვედრები რუსეთის მაღალჩინოსნებთან - ოპოზიცია პრემიერს და აბაშიძეს პარლამენტში იბარებს

06.02.23 15:25
ფარული შეხვედრები რუსეთის მაღალჩინოსნებთან - ოპოზიცია პრემიერს და აბაშიძეს პარლამენტში იბარებს

რა მისიით დადიოდა პრემიერის სპეცწარმომადგენელი რუსეთში ფარულ შეხვედრებზე - ოპოზიცია ზურაბ აბაშიძეს საგარეო კომიტეტზე, ირაკლი ღარიბაშვილს კი  სესიაზე ელოდება. 

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობები  მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. 

მაქსიმალური გამჭვირვალეობაა საჭირო ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით რუსეთთან, მათ შორის, იმ შესაძლო სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით, რომელსაც მას სთავაზობენ რუსები და ამიტომ მიგვაჩნია, რომ სწორი იქნება, რომ მოხდეს მისი დაბარება მოსმენაზე საგარეო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში, - თქვა სამადაშვილმა.

პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ კითხვებზე პასუხიები პრემიერმაც უნდა გასცეს, რადგან ზურაბ აბაშიძე სწორედ მისი წარმომადგენელია. 

პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით პრემიერ-მინისტრს. მისი გადაწყვეტილებაა ასევე, ბატონი აბაშიძის ეს ვიზიტები, ამიტომ პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა უდნა გასცეს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს პასუხი და არა მარტო ჩვენ მხოლოდ, რა ხდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, - თქვა სამნიძემ. 

აბაშიძე-კარასინის ფარული აუდიოჩანაწერი საზოგადოებაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში დაადასტურა, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა.   

მსგავსი სიახლეები