"დეპუტატის უარის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ" - "ოცნება" მედიას ქცევის ახალ შეზღუდვას უწესებს
"ქართული ოცნება" პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის შეზღუდვებს აწესებს. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის მხოლოდ იმ წარმომადგენლებს მიეცემა, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო.
იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს.
დადგენილია რაოდენობები: დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი"- თქვა მან.
რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, პაპუაშვილის თქმით:
ჟურნალისტმა ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის ბრძანება დღეს გამოიცემა, ახალი წესები 1-ელი მარტიდან მოხდება.