ხაჭაპურიძე მოსამართლეს: დიდ შერიგების ისტორიულ როლს ხელიდან ნუ გაუშვებთ
"წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ვეფხისტყაოსანის ერს პრეზიდენტი ციხეში უკვდებოდეს, ჩემის აზრით ეს დაუშვებელია"- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
შალვა ხაჭაპურიძემ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძეს მიმართა და თქვა, რომ მას "ისტორიუყლი როლის" შესრულება შეუძლია:
ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებმაც ბოლო 30 წელიწადი და ცოტა უფრო მეტი ჩვენ თვალწინ გაიარა. გვეყო დაპირისპირება, ლანძღვა, შურისძიება... უნდა დავიწყოთ ძლიერი საქართველოს შენება, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად ჩვენნაირი პატარა ერი ვერ გადარჩება.
ბატონო მოსამართლევ, თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას. ეს შანსი თქვენ ხელიდან არ უნდა გაუშვათ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, "დღეს ამ დარბაზში წყდება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ამავდროულად აქ წყდება საქართველოს მომავალი".
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვშუამდგომლობ თქვენ წინაშე, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, იგი მძიმე ავადმყოფია, ან ალტერნატივის სახით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად მოხდეს მისი განაჩენის აღსრულების გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე ან გამოჯანმრთელების მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, ვინაიდან, მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას"- დასძინა იურისტმა.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა მოსამართლის ხელშია.
მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალყურს რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. ვართ კი ჰუმანიზმის მატარებელი ერი თუ ისევ იქ ვართ, როცა პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვკალით“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.