დღეს აქ ბევრი სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იქნებოდნენ, საკუთარი თავი რომ არ შეგვერცხვინა - ნიკა მელია

06.02.23 22:30
 დღეს აქ ბევრი სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იქნებოდნენ, საკუთარი თავი რომ არ შეგვერცხვინა - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მხარეებმა პარტიაში არსებული იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადადონ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად კონსოლირდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში -  ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის მერე...

მიუხედავად ამისა, ახლა პარტიის შიგნით ყველა ძალამ უნდა ვიპოვოთ პირველ რიგში ძალა საკუთარ თავში. იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ. ამის შემდეგ, ბუნებრივია, დავუბრუნდებით იმ პროცესს, რომელიც როგორც წესი, ნორმალურია პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ არა ამ დროს, როდესაც ფორსმაჟორული მდგომარეობაა"- აღნიშნა ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მელია დარწმუნებულია, რომ "ახლა ენმ-ს ოფისთან ბევრი პოლიტიკური პარტიის ლიდერი იქნებოდა, საკუთარი თავი რომ არ შეერცხვინათ": 

დარწმუნებული ვარ, ახლა აქ ბევრი პოლიტიკური პარტიის ლიდერი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი 9 ნოემბრიდან მოყოლებული. პირობას ვაძლევ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა ყოფილიყო ამ თვეების განმავლობაში, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ისევე როგორც სხვების მოვალეობაა და ამას არანაირი ბიუროკრატიული თანამდებობა არ სჭირდება"- დასძძინა მან. 

ნიკა მელიას თქმით, ეცდება, აღდგეს ყველა ჩატეხილი ხიდი, ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის:  

მე პირადად ვეცდები, ყველა ჩატეხილი ხიდი, ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის აღდგეს, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა, ერთი პარტია, ამ ბრძოლაში შედეგის მოტანის თვალსაზრისით, ბევრ წინააღმდეგობას წააწყდება, რაც სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას არ მოემსახურება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია განსხვავებულ ადამიანებთან და მე ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდება"- დასძინა ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ. 

მსგავსი სიახლეები